adidas-მა მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენები წარადგინა

გერმანულმა კომპანია adidas-მა უკაბელო ყურსასმენები, RPT-02 Sol წარადგინა, რომელიც Zound Industries-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მოდელის მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის.

გლობალური კომპანია, Zound Industries ბრენდებთან, adidas-თან, Marshall-თან და Urbanears-თან აუდიო ელექტრონულ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის სათაო ოფისი სტოკჰოლმში მდებარეობს. თავად მზის ბატარეა, Powerfoyle ყურსასმენებისთვის შვედურმა კომპანია Exeger-მა დაამზადა. მას ენერგიის დონის შევსება არა მხოლოდ კაშკაშა მზისგან, არამედ მცირე ხელოვნური განათებითაც შეუძლია.

ამასთან, გაჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროქსელში დასატენად სტანდარტული USB Type-C კონექტორიც აქვს. მწარმოებელი აცხადებს, რომ მუსიკის მოსმენის დროს ყურსასმენების ბატარეის ხანგრძლივობა 80 საათია.

Adidas RPT-02 Sol გაყიდვაში 23 აგვისტოდან ჩაეშვება. ყურსასმენები 229 დოლარი ეღირება.

მანამდე მზისპანელიანი უკაბელო ყურსასმენების მოდელი, Phoenix შვედურმა კომპანია, Urbanista-მაც წარადგინა. ამ მოდელზე მზის პანელი დამტენის კორპუსის წინა მხარეს მდებარეობს, ხოლო თავად ყურსასმენებს მედიაფაილების დაკვრა რვა საათის განმავლობაში შეუძლია. შვედური მოწყობილობის მთლიანი მუშაობის დრო, დამტენის ბაზის გამოყენების გათვალისწინებით, არის 32 საათი. კარგად განათებულ სივრცეში გატარებული ყოველი საათი ყურსასმენების სამუშაო დროს კიდევ 60 წუთით ზრდის.

Comments are closed.