კომპანია Ericsson რუსეთის ბაზარს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებს

მობილური საკომუნიკაციო ქსელების მწარმოებელმა კომპანია Ericsson-მა გადაწყვიტა, წლის ბოლომდე შეაჩეროს თავისი საქმიანობა რუსეთში. Ericsson დახურავს თავის წარმომადგენლობას ქვეყანაში და შეამცირებს ყველა თანამშრომელს, მათ შორის ტექნიკურ მხარდაჭერას სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებში,- წერს კომერსანტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით.

Ericsson-მა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ შეაჩერებენ საქმიანობას “რადგან ისინი ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს მომხმარებლების წინაშე”. კომპანია თანამშრომლებს „ფინანსური და სოციალური“ მხარდაჭერით დაჰპირდა.

სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შვედმა მწარმოებელმა შეაჩერა ტექნიკის მიწოდება რუსეთში უკრაინაში სამხედრო შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ხოლო აპრილში გამოაცხადა ქვეყანაში საქმიანობის შეჩერება და თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსონმა თავდაპირველად 1994 წელს გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი რუსეთში. კომერსანტის მონაცემებით, მისი წილი რუსეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბაზარზე დაახლოებით 20%-ია (Nokia-ს 30-40%). კომპანია არის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიმწოდებელი უმსხვილესი რუსული ოპერატორებისთვის. მაგალითად, MTS 2021 წლის ოქტომბერში დათანხმდა Ericsson-თან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე რუსეთის სამრეწველო საწარმოებისთვის სპეციალური 5G მზა ქსელების შესაქმნელად. მაშინ რუსულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2019 წლიდან მათ Ericsson-თან ერთად ამ სფეროში 15-ზე მეტი საპილოტე პროექტი განახორციელეს.

Tele2-მა 2021 წლის მარტში გააფართოვა Ericsson-თან 2019 წელს დადებული ხელშეკრულება და, როგორც ახალი ხელშეკრულებების ნაწილი, 2023 წლისთვის გეგმავდა 50000 ახალი 4G/3G/2G საბაზო სადგურის დანერგვას, რომლებიც მხარს უჭერენ 5G ტექნოლოგიას (5G-ready) რუსეთის 27 რეგიონში.

Comments are closed.