Sony ვიდეოთამაშების დეველოპერს, Bungie-ს $3.6 მილიარდად ყიდულობს

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი და ვიდეოთამაშების გლობალური ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, Sony ვიდეოთამაშების ამერიკულ დეველოპერს, Bungie-ს $3.6 მილიარდად ყიდულობს – ამგვარად, Bungie იაპონური გიგანტის მფლობელობაში არსებულ სხვა დეველოპერებს, Insomniac Games-ს, Naughty Dog-ს, Guerrilla Games-ს, Sucker Punch Production-სა და სხვებს შეუერთდება.

Bungie-სთვის ეს გარიგება კომპანიის ისტორიაში ახალი ერის დაწყებასთან ასოცირდება – საქმე ისაა,  რომ კომპანია სრულად შეინარჩუნებს შემოქმედებითი კონტროლის ბერკეტებს საკუთარ მფლობელობაში არსებულ ფრენჩაიზებზე და ვიდეოთამაშების წარმოებას რამდენიმე პლატფორმისთვის გააგრძელებს და არამხოლოდ Sony-სთვის. „თამაშების შექმნას და მათ გავრცელებას დამოუკიდებლად გავაგრძელებთ, რითაც ჩვენს საერთო კომუნას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი თამაშები იქნება იქ, სადაც ჩვენს კომუნას სურს, რომ ითამაშოს“, – ვკითხულობთ Bungie-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პიტ პარსონსის ბლოგში.

აღსანიშნავია, რომ Bungie-ს ფრიად საინტერესო ისტორია აქვს: 2000-2007 წლებში კომპანია Microsoft-ის საკუთრებაში იყო, მაგრამ მოგვიანებით კერძო კომპანიად გადაკეთდა, რომელიც 2010-2019 წლებში, Destiny-ს ფრენჩაიზთან დაკავშირებით, კომპანია Activision Blizzard-თან თანამშრომლობდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გარიგებით, ვიდეოთამაშების გლობალური ინდუსტრია ბაზრის კონსოლიდაციის ფაზაში შედის – Sony, Microsoft-ი და Tencent-ი შედარებით მცირე მასშტაბის დეველოპერებს ყიდულობენ, რათა საკუთარი საბაზრო წილი გააღრმაონ და მომხმარებლებს ექსკლუზიური, მხოლოდ მათ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი გამოცდილება შესთავაზონ.

საინტერესოა, რომ Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯიმ რაიანის თქმით, Sony-ს მიერ Bungie-ს შეძენა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ახლო მომავალში იაპონური გიგანტი კიდევ არაერთი შედარებით მცირე დეველოპერის შეძენას გეგმავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ ტენდენციას სხვა გიგანტებიც მიჰყვებიან.

Comments are closed.