შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან მოსახლეობას კომპანიონ რობოტებს დაურიგებს

საინტერესოა, რომ ამგვარად, შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან ადამიანებში სოციალური იზოლაციის პრობლემის გამოსწორებას შეეცდება. საქმე ისაა, რომ 65 წელს გადაცილებულ ამერიკელთა საკმაოდ დიდი ნაწილი – 14 მილიონი, მარტოსულად ცხოვრობს და დროის გასვლასთან და ბეიბი-ბუმერების თაობის ასაკის მატებასთან ერთად, ამ პარამეტრის კიდევ უფრო გაზრდა არის მოსალოდნელი. თავად მარტოსულობა კი ორგანიზმისთვის ისეთივე დამაზიანებელია, როგორიც, მაგალითად, სიგარეტის მოწევა.

რობოტი, რომელსაც ნიუ-იორკის ასაკოვან მოსახლეობას დაურიგებენ, ElliQ ჰქვია და მასზე ისრაელურმა კომპანიამ, Intuition Robotics-მა იმუშავა. „ElliQ-ს მრავალმხრივმა ფუნქციონალმა დაგვაინტერესა – ის პროაქტიული მოწყობილობაა, რომელიც ინდივიდებთან ურთიერთობის დეტალებს იმახსოვრებს და ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ძილსა და წყლის მიღებაზე არის ფოკუსირებული“, – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, გრეგ ოლსენმა The Verge-თან საუბრისას. „ის ადამიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდება, მათ შორის მეხსიერებაზე, ცხოვრების ვალიდაციაზე, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე და ზოგადად, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ახალისებს“.

რობოტი ElliQ საფუძველთან დაკავშირებული ორი ნაწილისგან შედგება: პირველი – რობოტის სახის მსგავსი სანათია, რომელიც მიკროფონითა და დინამიკებითაა აღჭურვილი და იმ ადამიანისკენ იყურება, რომელიც მას ელაპარაკება; ხოლო მეორე – სენსორული ეკრანია, რომელზეც ჩვეულებრივ დროს სურათები და დამატებითი ინფორმაცია ჩანს, ხოლო ვიდეოზარის შემთხვევაში იმ ადამიანების გამოსახულება ჩნდება, რომელთაც ასაკოვანი ადამიანი ესაუბრება.

Intuition Robotics-ს თუ დავუჯერებთ, ElliQ-ს ემპათიის გამჟღავნება და მომხმარებლებთან კავშირის დამყარება შეუძლია. ამისთვის რობოტი მისი მფლობელის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებს და საკუთარ იდენტობას მფლობელის იდენტობას არგებს – აი, მაგალითად, ElliQ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხუმრობს, თუკი მისი მფლობელი ბევრს იცინის.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან მოქალაქეებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩევს. „ElliQ შექმნილია 75 წელს გადაცილებული იზოლირებული ან მარტოსული ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ Wi-Fi და ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან თავს კომფორტულად გრძნობენ“, – ამბობს გრეგ ოლსენი. თავისთავად ცხადია, რომ რობოტის მონტაჟსა და მომხმარებლების ტრენინგს ნიუ-იორკის ხელისუფლება უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დაუჯდა შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლებას ამ პროგრამისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა. ჩვეულებრივად, ElliQ-ს მოწყობილობა $250 ღირს, ხოლო მისი ყოველთვიური მომსახურების გადასახადი $30-ს უდრის.

Comments are closed.