TikTok Music – ჩინური გიგანტი მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შექმნას იწყებს

როგორც ჩანს, სოციალური ქსელების ბაზარზე ძალზე წარმატებული სტარტის შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, TikTok-ი მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზეც აპირებს შესვლას, – ამის შესახებ პირველად გამოცემა Business Insider-მა დაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და საავტორო უფლებების ოფისში შესული განცხადებით ირკვევა, რომ ჩინურ გიგანტს სიტყვათა შეთანხმების – TikTok Music-ის დაპატენტება სურს. დოკუმენტიდან ისიც ირკვევა, რომ შესაძლოა, ეს ტერმინი გამოყენებულ იქნას სმარტფონის აპლიკაციისთვის, რომლითაც მომხმარებლებს მუსიკალური ნაწარმოებების ყიდვის, მოსმენისა და გაზიარების საშუალება ექნებათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინური გიგანტის მხრიდან მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზე შესვლა უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ახალი მუსიკის აღმოსაჩენად და საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების გასაპიარებლად, TikTok-ს უამრავი ადამიანი ისედაც იყენებდა. ამ კუთხით TikTok-ი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის განმავლობაში აპლიკაციაში სხვადასხვა დროს ტრენდული 175 სიმღერა – Billboard 100-ის რეიტინგში მოხვდა. ამასთანავე, არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ის სიმღერები, რომლებიც TikTok-ზე განსაკუთრებულ პოპულარობას აღწევენ, როგორც წესი, YouTube-სა და Spotify-ზეც უფრო მეტ ნახვასა და მოსმენას აგროვებენ.

თუმცა, მუსიკალური სერვისების ამგვარი პოპულარობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, TikTok-ს არა აქვს საკუთარი სტრიმინგ-სერვისი, რომლითაც მუსიკალური კონტენტის პირდაპირ მონეტიზაციას შეძლებდა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ სერვისს ფლობს TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი, რომლის მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი, სახელწოდებით Resso ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში არის ხელმისაწვდომი.

ავტორიტეტული ბიზნესგამოცემის, TechCrunch-ის ინფორმაციით, ByteDance-ი ამ მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის მასშტაბირებას და მის სხვა ქვეყნებში გატანეს გეგმავს და მაისის დასაწყისში დარეგისტრირებული სახელწოდება „TikTok Music-ი“ სწორედ ამისთვისაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ თუკი TikTok-ის მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი დასავლური ქვეყნების ბაზრებზე მართლაც გამოჩნდა, TikTok-თან არსებული კავშირისა და სოციალური ქსელების ეფექტის გათვალისწინებით, Spotify-ს, Apple Music-ს, Dezeen-სა და სხვა მუსიკალური სტრიმინგის გიგანტებს, სულ მცირე, დამატებითი თავის ტკივილი გაუჩნდებათ. დღეს, Resso, საკუთარი ინტერფეისითა და ფუნქციონალით TikTok-ს ძალიან წააგავს – მუსიკალურ აპლიკაციაში, ისევე როგორც მის მოძმე სოციალურ ქსელში, ელემენტების ზემოთ-ქვემოთ ჩასქროლვა არის შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ Resso საკმაოდ წარმატებული აპლიკაციაა. ამერიკული ანალიტიკური კომპანიის, SensorTower-ის დათვლებით, ამა წლის იანვარსა და მაისს შორის პერიოდში, App Store-დან და Google Play-დან Resso 42.3 მილინჯერ ჩამოტვირთეს, რაც 19%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, Resso 184 მილიონჯერ არის გადმოწერილი.

საინტერესოა, რომ განაცხადში, რომელიც ByteDance-მა აშშ-ის პატენტებისა და საავტორო უფლებების ოფისს გაუგზავნა, TikTok Music-ის არაერთი პოტენციური გამოყენებაა ჩამოთვლილი. ერთ-ერთი განმარტებით, TikTok Music-ი ისეთ აპლიკაციას გულისხმობს, რომელიც მომხმარებლებს აუდიოს და ვიდეოს სტრიმინგის, ალბომების გარეკანების ატვირთვისა და ჩანაცვლების და კომენტარების დატოვების საშუალებას მისცემს. კიდევ ერთი პოტენციური ფუნქციონალის თანახმად, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება გართობის, მოდის, სპორტისა და მიმდინარე ამბების აუდიოს და ვიდეოს ფორმატში გასავრცელებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TikTok Music-ის მესვეურები პოდკასტებითაც არიან დაინტერესებულნი.

საინტერესოა, რომ TikTok-ის მიერ მუსიკალური სტრიმინგის ინდუსტრიაში შესვლა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან რამდენიმე თვის წინ TikTok-მა მუსიკალური მარკეტინგისა და დისტრიბუციის პლატფორმა, SoundOn-ი შეიძინა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მუსიკალური ნაწარმოებები პირდაპირ TikTok-სა და Resso-ში ატვირთონ – ცხადია, ეს სერვისი მუსიკალური სტრიმინგის წამყვან პლატფორმებს ეხება. ამგვარად, TikTok-ი გადაიქცა ისეთ მოთამაშედ, რომელიც წარმოდგენილია როგორც მსმენელების, ასევე არტისტების მხარეს.

აღსანიშნავია, რომ თავისთავად TikTok-ი რევოლუციური პლატფორმაა, რომელმაც სოციალური ქსელების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ დამკვიდრებული თამაშის წესები საგრძნობლად შეცვალა და Facebook-სა და Instagram-ს საკუთარი ბიზნესმოდელების გადახედვისკენ მოუწოდა. SensonTower-ის ინფორმაციით, დღეს TikTok-ს გლობალურად სამი მილიარდი გადმოწერა დაუგროვდა.

Comments are closed.